დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით. 1967-1998 წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990). 1998-2007 წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე. 2000 წელს და 2005-2007 წწ. არის ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მიწვეული პროფესორი (ქ. ნანჯინგი, "მეწამული მთის ობსერვატორია" = Purple Mountain Observatory). 2007-2014 წწ. ქ. ლაჰორის (პაკისტანი) სახელმწიფო უნივერსიტეტ-კოლეჯის ფიზიკის ფაკულტეტის უცხოელი პროფესორი; 2014 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომელია; 2017 წელს კვლავ ქ. ლაჰორის სახელმწიფო უნივერსიტეტ-კოლეჯში კითხულობდა ლექციებს; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა პლაზმის ფიზიკა; მაგნიტოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა; თერმობირთვული დანადგარების თეორია; მიწისძვრის წინამძღვრების თეორიული საკითხები; მზის ფიზიკა; არაწრფივი დინამიკა და ქაოსი; 60-იან წლებში მან საქართველოში პირველად დაიწყო ფიზიკის ამოცანების რიცხვითი გათვლების რეალიზაცია ელექტრონულ გამომთვლელ მანქანებზე, საფუძველი ჩაუყარა თერმობირთვული არამდგრადობის თეორიას რეაქტორ ტოკამაკში; აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებთან. არის 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა უმრავლესობა გამოქვეყნებულია საზღვარგარეთის იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში. არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. 2002 წელს გამოქვეყნებული ნაშრომების ციკლისათვის მიენიჭა საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ილია ვეკუას სახელობის პრემია. მისი ხელმძღვანელობით პაკისტანის სტუდენტებმა დაიცვეს 3 სამაგისტრო და 2 სადოქტორო დისერტაციები. ნაყოფიერი კვლევებისთვის მიღებული აქვს პაკისტანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს პრემიები (2011, 2012, 2013). არის მრავალი საზღვარგარეთის და ეროვნული სამეცნიერო გრანტების ხელმძღვანელი და მონაწილე. 1991 წელს არჩეულ იქნა თბილისის საბურთალოს რაიონის საკრებულოს დეპუტატად, ხოლო შემდეგ იმავე რაიონის პრეფექტად.