დაწყების თარიღი: 2009-01-01 დასრულების თარიღი: 2012-01-01
წარმოდგენილი პროექტის მიზანია განახორციელოს პლანეტარული ელექტრომაგნიტური ტალღებისა და შესატყვისი არაწრფივი განმხოლოებული სტრუქტურების (გრიგალები, სოლიტონები, ზონალური ნაკადები და სხვა) გავრცელების დინამიკის თეორიული შესწავლა დედამიწის სუსტად იონიზებულ იონოსფეროში. კვლევის დროს არსებითი იქნება ამ დინამიკაში სივრცობრივად არაერთგვაროვანი ნეიტრალური ქარის ( ზონალური ნაკადის ) ზემოქმედების გათვალისწინება. დამაგნიტებული პლაზმის ჰიდროდინამიკის თეორიის საფუძველზე შექმნილი იქნება შესაბამისი თვითშეთანხმებული ფიზიკური და მათემატიკური მოდელები, გამოკვლეული იქნება როსბისა და აკუსტიკურ-გრავიტაციული ტიპის ელექტრომაგნიტური ტალღების იონოსფეროში გავრცელების დინამიკა ზონალურ ქართან ურთიერთქმედების გათვალისწინებით. განხილული იქნება ამ ტალღების როგორც წრფივი, ასევე არაწრფივი მახასიათებლები, გამოვლენილი იქნება ამ ტალღებისა და ზონალური ნაკადის გენერაციის ახალი ფიზიკური მექანიზმები. დედამიწინს იონოსფეროში ინდუცირებული ელექტრული დენისა და დედამიწის მაგნიტური ველის ურთიერთქმედების გათვალისწინება არსებითად გაამდიდრებს იონოსფეროში დაბალი სიხშირის ტალღების კლასს , მოხსნის განუსაზღვრელობებს , შეავსებს დანაკლისს მეცნიერულ წარმოდგენალში და გააუმჯობესებს არსებულ ფიზიკურ და მათემატიკურ მოდელებს. კვლევა განხორციელდება როგორც ანალიზურად, ასევე რიცხვითი მეთდებით. შესატყვისი ფიზიკური მოდელების განვითარების მიზნით, კვლევის დროს გამოყენებული იქნება დედამიწაზე და თანამგზავრებით მოპოვებული ექსპერიმენტული მონაცემები. დასმული ამოცანა თვისობრივად ორიგინალურია რადგან ითვალისწინებს ნეიტრალური ატმოსფეროსთვის კარგად ცნობილი პლანეტარული ტალღების ელექტრომაგნიტური ბუნების შესწავლას. ასეთი მსხვილმაშტაბოვანი სტრუქტურების გენერაციის მექანიზმებისა და დინამიკის შესწავლას უპირველესი მნიშვნელობა აქვს გლობალური ამინდის პროგნოზირებისათვის.