ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე 1977 წელს მუშაობა დავიწყე ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში, სადაც დღეს ვარ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი და კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების განყოფილების გამგე. 1977 წლიდან ასისტენტიდან დაწყებული სრული პროფესორის ჩათვლით ვმუშაობდი თსუ-ში. 1980-1983 წლებში თსუ-ში ვიყავი ასპირანტი აკადემიკოს ანდრო ბიწაძის ხელმძღვანელობით და ხშირად მიწევდა ყოფნა ვ.ა.სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტსა და მ.ვ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1984 წელს დავიცავი საკანდიდატო, ხოლო 1998 წელს სადოქტორო დისერტაციები. 1977 წლიდან ვკითხულობ ლექციებს მათემატიკის სხვადასხვა დარგში თსუ-ში, სტუ-ში, სოხუმის, ილიას და კავკასიის უნივერსიტეტებში. 2013 წლიდან დღემდე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. მიწვეული პროფესორის სტატუსით 2012-2013 წლებში ვიყავი კალიფორნიაში ნავალის სადოქტორო სკოლაში ფულბრაიტის გრანტით. ერთერთ მთავარ შედეგად ამ გრანტს მოყვა შემდეგი მონოგრაფიის გამოქვეყნება Jangveladze T., Kiguradze Z., Neta B. Numerical Solution of Three Classes of Nonlinear Parabolic Integro-Differential Equations. Elsevier, 2016, ACADEMIC PRESS, ISBN: 978-0-12-804628-9. Elsevier/Academic Press, Amsterdam, 2015. 254 p. ვარ სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო გრანტების ხელმძღვანელი და შემსრულებელი. მიმიღია მონაწილეობა მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, ვიყავი საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტების წევრი და თანათავმჯდომარე. ვარ საქართველოს მათემატიკოსთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე; ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; რეფერატურული ჟურნალების Mathematical Reviews და Zentralblatt fur Mathematik რეფერენტი; რამდენიმე რეიტინგული სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი და ერთის რედაქტორი. 2016 წელს გადმომცეს იუნესკოს მსოფლიო მეცნიერების დღისადმი მიძღვნილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სიგელი მათემატიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის. ვარ ავტორი ან თანაავტორი 200-ზე მეტი პუბლიკაციის, მათ შორის არის 3 მონოგრაფია და 10 სახელმძღვანელო. ჩემი კვლევითი ინტერესებია: დიფერენციალური და ინტეგრო-დიფერენციალური განტოლებები და სისტემები; მათემატიკური ფიზიკის არაწრფივი მოდელები; რიცხვითი ანალიზი; არალოკალური ამოცანები. ჩემი ხელმძღვანელობით დაცულია 11 სადოქტორო დისერტაცია და 45 სამაგისტრო ნაშრომი. მათი ბევრი ავტორი მუშაობს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის სამეცნიერო ან სასწავლო დაწესებულებაში. ასევე მომზადებულია მრავალი საბაკალავრო ნაშრომი და საგრანტო პროექტი. ახალგაზრდების პროექტებმა ჩემი ხელმძღვანელობით მოიპოვეს შემდეგი გრანტები: პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი PG/86/5-106/12, 2012 (მიხეილ გაგოშიძე); აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF-Global), შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ერთობლივი პროგრამის “ქართველი ქალებისათვის სამეცნიერო კვლევითი გრანტი“, 2014 (მაია ნიკოლიშვილი); შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტები: DO/361/5-106/14, 2015 (მაია აფციაური); PhDF2016-19, 2016 (მაია კრაწაშვილი); PhDF2016-14, 2016 (ბესიკი ტაბატაძე); დიდი ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტი. ერასმუსის პროგრამა (Erasmus+ Exchange Program), 2019 (გიორგი წულაია).