info@viam.science.tsu.ge (+995 32) 2 30 30 40 (+995 32) 2 18 66 45

დეფორმად მყარ და თხევად ნაწილებისაგან შემდგარი გარემოს იერარქიული მათემატიკური მოდელების აგება და გამოკვლევა (GNSF/ST06/3-035)


დამფინანსებელი

SRNSFGშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

დაწყების თარიღი: 2006-10-01       დასრულების თარიღი: 2008-09-30

პროექტი გულისხმობს დეფორმად მყარ და თხევად გარემოთაგან შედგენილი სხეულებისათვის ერთიანი მათემატიკური იერარქიული მოდელების აგებას, მათ ფარგლებში საწყის-სასაზღვრო ამოცანების კორექტულად დასმას და გამოკვლევას, ამოცანების ამოხსნის რიცხვითი მეთოდების დამუშავებას და კონკრეტული რიცხვითი შედეგების მიღებას. კვლევის ძირითად ობიექტს წარმოადგენენ სხეულები, რომლებსაც, როგორც თხევად ასევე მყარ ნაწილში უკავიათ, გარკვეული აზრით თხელი არეები ან შედგებიან თხელი არეებისაგან (ფენებისაგან) საზოგადოდ სხვადასხვა ფიზიკური მახასიათებლებით. განხილული იქნება, როგორც მუდმივი სისქის (შესაბამისად, სიღრმის), ასევე ცვალებადი სისქის (სიღრმის) ფენები, მათ შორის წამახვილებული. იერარქიული მოდელების აგება დრეკადი, საზოგადოდ ცვალებადი დადებითი სისქის ფირფიტების, პრიზმული გარსების და ზოგადი გარსების შემთხვევაში სათავეს იღებს ი. ვეკუას შრომებში, სადაც გამოყენებულია განზომილების რედუქციის მეთოდი ლეჟანდრის პოლინომების საშუალებით. ი. ვეკუას რედუქციის მეთოდით აქამდე არ ყოფილა აგებული და გამოკვლეული როგორც მარჩხი სითხეების, ასევე თხელი დრეკადი გარემოსა და მარჩხი სითხისაგან შედგენილი სხეულების იერარქიული მოდელები. სწორედ ამ ხარვეზის შევსება წარმოადგენს წინამდებარე პროექტის ძირითად მიზანს.
კვლევა განეკუთვნება ფუნდამენტურ კვლევათა კატეგორიას. აგებული და გამოკვლეული იქნება თხელი დრეკადი და თხევადი ფენებისაგან შემდგარი სხეულების ერთიანი იერარქიული მოდელები, რაც გარკვეული აზრით ერთიან სისტემაში მოიყვანს და გადაფარავს ასეთი ტიპის ობიექტებისათვის აქამდე ჩატარებულ გამოკვლევებს. მყარი და თხევადი ნაწილებისაგან შემდგარი სხეულებისათვის ერთიანი იერარქიული მოდელების აგება იქნება სწორედ ახალი ხედვა. ცვალებადი გეომეტრიის, მათ შორის წამახვილებული, მრავალფენოვანი დრეკადი და თხევადი ნაწილების განხილვა მოგვცემს სანაპირო ზოლის მიდამოში მიმდინარე პროცესების რამდენადმე რეალურთან მიახლოებულ მათემატიკური აღწერისა და მისი სიმულირების საშუალებას. კომპიუტერული ექსპერიმენტები მომავალში საშუალებას მოგვცემს შემუშავებულ იქნას რეკომენდაციები სანაპირო ზოლის დაცვის თვალსაზრისით. შეიქმნება პროგრამული პროდუქტი. ასეთი პროდუქტის პოტენციური მომხმარებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს სანაპირო ზოლის დაცვაზე. პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებისას წამოჭრილი მათემატიკური პრობლემები რთულია და წარმოადგენენ დამოუკიდებელ ინტერესს საკუთრივ მათემატიკის შესაბამისი დარგის განვითარების თვალსაზრისით.
პროექტი დაყოფილია ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულ სამ ძირითად ამოცანად. თითოეული შესრულდება 8 ეტაპად 24 თვის განმავლობაში. პროექტში მონაწილეობენ, როგორც უფროსი და საშუალო თაობის, ასევე ახალგზარდა თაობის (ცხრა მონაწილიდან ოთხის ასაკი 25-დან 32 წლამდე მერყეობს) შემსრულებლები. ასაკის მიუხედავად, ყველა მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერია ერთობლივი სამეცნიერო მუშაობის გამოცდილებით. ამაზე მეტყველებს მათი მონაწილეობა საერთაშორისო გრანტებში, მათი პუბლიკაციები (მათ შორის იმპაქტ-ფაქტორიან სამეცნიერო ჟურნალებში) და აღიარებული მეცნიერების, მაგალითად, ფ. სიარლე, ი. ბაბუშკა, მ. ბერნადუ, ს. იენსენი, ციტირებები მათ პუბლიკაციებზე. სამუშაოს მოცულობა განისაზღვრება 98,640.00 ლარით (3960 კაც-დღე). განზომილების რედუქციის და დეკომპოზიციის მეთოდებთან ერთად გამოყენებული იქნება თვით შემსრულებლების მიერ მონათესავე საკითხების კვლევასთან დაკავშირებით დამუშავებული და აპრობირებული მიდგომები.

პროექტში მონაწილე პერსონალი:

პუბლიკაციები

  • George Jaiani, On Boundary Value Problems in Displacements for Hierarchical Models of Cusped Prismatic Shells and Beams, Materials of the International Conference on Non-classic Problems of Mechanics, Kutaisi, 1, 191-196, Kutaisi State University, 2007.

დამატებითი ინფორმაცია

http://viam.science.tsu.ge/projects/gnsf/gnsf_st063_035