თამაზ ვაშაყმაძე (დ. 16 სექტემბერი, 1937, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1995). მიიღო პრინციპული მნიშვნელობის მქონე შედეგები წრფივი ალგებრის გამოთვლითი მეთოდების კვლევისას, ჩვეულებრივი და კერძო წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების ამოცანებისა და უწყვეტ გარემოთა მექნიკის მათემატიკური პრობლემების გამოკვლევისას.
1968 წლიდან დღემდე არის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე (1973 წლიდან), მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (2009 წლიდან). 1988 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, 2009 წლიდან კი ემერიტუს-პროფესორი. არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (2005). დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით (1977, 2009), საქართველოს ღირსების (2003) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო (2012) ორდენებით, უნივერსიტეტის ოქროს მედლით (2022). ასევე მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო.
1968 წელს გადავიდა ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომელად, 1973 წლიდან იყო განყოფილების გამგე, ხოლო 2009 წლიდან არის რიცხვითი მეთოდებისა და მათემატიკური მოდელირების მიმართულების ხელმძღვანელი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. იგი 1988-2006 წლებში იყო თსუ-ს გამოყნებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, 2006-2009 წლებში სრული პროფესორი, ხოლო 2009 წლიდან ემერიტუს-პროფესორი და მიწვეული პროფესორი.
თამაზ ვაშაყმაძე არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 9 მონოგრაფიის ავტორი. მან აღზარდა მრავალი მეცნიერი, რომელთაგან ზოგიერთი ნაყოფიერად მუშაობდა და ახლაც მუშაობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. თამაზ ვაშაყმაძე მონაწილეობდა 180-ზე მეტ საერთაშორისო და რესპუბლიკური მნიშვნელობის კონფერენციისა და სხვადასხვა სახის სამეცნიერო ფორუმების მუშაობაში, სადაც წაკითხული აქვს 130-ზე მეტი სექციური ხასიათის და 30-მდე პლენარული მოხსენება. იგი არაერთხელ იყო მიწვეული ლექციების წასაკითხად და ერთობლივი სამეცნიერო მუშაობის ჩასატარებლად მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.