ბესიკ დუნდუა მეცნიერ თანამშრომელია გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში და ასოცირებული პროფესორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მისი კვლევის ინტერესი ეხება თეორიული კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა საკითხს. მან დოქტორის ხარისხი მიიღო კომპიუტერულ მეცნიერებებში პორტოს უნივერსიტეტიდან (პორტუგალია). შემდეგ იყო პოსტ-დოქტორანტი და მიწვეული მკვლევარი ბრაზილიაში (ბრაზილიის უნივერსიტეტში), ავსტრიაში (ლინცის იოჰანეს კეპლერის უნივერსიტეტში) და გერმანიაში (შტუტგარტის უნივერსიტეტში). მისი შრომები ეხება დეკლარაციული პროგრამირების, კომპიუტერული ლოგიკის და ფორმალური ენების საკითხებს: ფორმალიზმების საფუძვლებს, გამოთვლების მექანიზმებს და იმპლემენტაციას. ამ თემებზე მას ავსტრიის, ბრაზილიის, გერმანიის, ესპანეთის, იაპონიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საფრანგეთის და საქართველოს უნივერსიტეტებში მომუშავე კოლეგებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სტატია და შედეგები მოხსენებული აქვს 40-ზე მეტ კონფერენციაზე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადმოსვლამდე ბესიკ დუნდუა იყო პროფესორი და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. კითხულობდა ლექციებს კომპიუტერული მეცნიერებების სხვადასხვა დარგში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ჩართული იყო ეროვნული და საერთაშორისო დაფინანსების მქონე რამდენიმე კვლევით პროექტში კომპიუტერული ლოგიკის, წესებზე დაფუძნებული პროგრამირების და ფორმალური ენების დარგში და ხშირად ხელმძღვანელობდა მათ. მიღებული აქვს ოთხი სპეციალური ჯილდო ახალგაზრდა მეცნიერთათვის: საპრეზიდენტო სტიპენდია 2010 წელს, ალექსანდრე ქართველიშვილის სტიპენდია 2019 წელს და რუსთაველის ფონდის კვლევითი გრანტი 2015 და 2018 წლებში.