ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი
სამეცნიერო პროდუქტები
ზოგიერთი მიმდინარე საინტერესო სამეცნიერო თემა
- ნავთობისა და გაზის მილსადენებზე ექსტრემალური ავარიებისა და გარემოს შესაძლო დაბინძურების რისკ ფაქტორების შეფასება მათემატიკური მოდელირებით (თეიმურაზ დავითაშვილი).
- ევრო-კავშირის მიერ სხვა პარტნიორ-ქვეყნებთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმ პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავენ ევროპის, კავკასიის და აზიის დამაკავშირებელი ახალი აბრეშუმის გზის კვლავ აღორძინებას. ამჟამად მშენებლობის პროცესშია კიდევ ორი ახალი ხაზი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო და შახდენიზ-2-ის გაზსადენის ხაზები, რომელებიც მოემსახურებიან ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის შელფიდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით ევროკავშირის ქვეყნებისკენ. ჩვენი კვლევის ობიექტებიც სწორედ ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში მყოფი სატრანსპორტო ხაზებია. ამ მიმართულებით აქცენტები გაკეთდება ექსტრემალურ ვითარებასთან დაკავშირებული გარემოს შესაძლო დაბინძურების მათემატიკური მოდელების გამოკვლევაზე.
- მულტიმასშტაბური სოლიტონური და გრიგალური ტიპის სტრუქტურების არაწრფივი დინამიკა კომპლექსურ უწყვეტ გარემოში (ხათუნა ჩარგაზია).
- სოლიტონური და გრიგალური ტიპის მრავალგანზომილებიანი არაწრფივი სტრუქტურების ფორმირებისა და დაჯახებადი და არადაჯახებადი ურთიერთქმედების დინამიკის თეორიული და რიცხვითი კვლევა რთულ, უწყვეტ გარემოებში, მათ შორის – იონოსფეროსა და მაგნიტოსფეროს პლაზმაში, წარმოადგენს არაწრფივი ტალღური პროცესების თეორიის განვითარებაში წინ გადადგმულ ნაბიჯს. ასეთი კვლევები იძლევიან პლაზმურ გარემოზე ხელოვნური ზემომედების ლაბორატორიული და დედამიწის იონოსფეროსა და მაგნიტოსფეროში თანამგზავრული მეთოდებით დაკვირვებების, თეორიისა და ექსპერიმენტების შედეგების მჭიდრო შეთანხმებულობის, დამზერილი მდგრადი ტალღური პროცესების ფორმირების და სტრუქრურების დაშლით ტალღური ველის ტურბულიზაციის და ქაოტურ რეჟიმში გადასვლის ეფექტების ადეკვატური ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, თეორიული და თეორიულ-მოდელური კვლევის შედეგები ჰპოვებენ ბუნებრივ გამოყენებას მდგრადი სტრატიფიცირებული (ფენოვანი) წანაცვლებით დინებიანი გარემოების კვლევებში, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს ატმოსფეროს და პლაზმის ჰიდროდინამიკასა და ფიზიკაში. პროექტის ფარგლებში გამოკვლეულ იქნება მათი არაწრფივი ურთიერთქმედებისა და დაშლის საკითხები, რომლებსაც თან ახლავს განხილული ფიზიკური სისტემის ენერგიის გამოსხივება.
- მონოდრომიული კვანტური გამოთვლები და კრიპტოგრაფია (გრიგორ გიორგაძე).
- კვანტური გამოთვლების მწყობრი თეორიის აგება თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემაა. კერძოდ, ავტორის ორიგინალურ იდეებზე დაყრდნობით (იხ. მაგ., G. Giorgadze, "Geometry of quantum computations", Nova Publisher, New-York, 2013) შესწავლილი იქნება ექპონენციალური კლასის ამოცანები (მათ შორის კრიპტოგრაფიული ალგორითმები) ჩვენს მიერ განვითარებული ფორმალიზმის ფარგლებში.
- ინტეგრალური განტოლებების გამოყენება ელემენტარულ ნაწილაკთა გადატანის თეორიაში (დაზმირ შულაია).
- ვიხილავთ ნეიტრონების გადატანის თეორიის მნიშვნელოვან ამოცანათა კვლევის შედეგად წარმოქმნილ მესამე გვარის სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებს.
ზოგიერთი პოტენციურად საინტერესო დამატებითი თემა
- TSR ლოგიკაში თეორემათა მტკიცება და მისი გამოყენებები (ხიმურ რუხაია, თეიმურაზ დავითაშვილი).
- წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში შეისწავლება TSR ლოგიკაზე დაფუძნებული მეთოდები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თეორემათა ავტომატური მტკიცებისას. სათანადო TSR ამომხსნელის რეალიზაციის შემთხვევაში გაჩნდება მისი გამოყენების შესაძლებლობა რეალური ამოცანების კვლევაში, კერძოდ, გარემოს დაბინძურებისა და ამინდის პროგნოზირებასთან დაკავშირებულ ამოცანებში.
- საქართველოს ტერიტორიაზე კლიმატის ცვლილების პროგნოზირება რეგიონალურ მოდელთა ანსამბლის საფუძველზე (თეიმურაზ დავითაშვილი).
- კლიმატის ცვლილება საქართველოს ტერიტორიაზე ხასიათდება მკაფიოდ გამოხატული რეგიონალური თავისებურებებით. წარმოდგენილი პროექტის მიზანია გაირკვეს, როგორია მუდმივად მოქმედი თერმული, დიმანამიკური, და ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედება, რაც იწვევს კლიმატის ასეთ მრავალფეროვანებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. შეიქმნება მონაცემთა არქივი მრავალმოდელიანი ანსამბლებისათვის, შესრულდება რიცხვით გათვლები რეგიონალური კლიმატის საპროგნოზო მოდელების ანსაბლის საშუალებით სეზონური, წლიური, და გრძელვადიანი კლიმატური ცვლილების პროგნოზირებისთვის.
- ფიზიკასა და ბიოლოგიაში წარმოშობილი ზოგიერთი მათემატიკური მოდელის გამოკვლევა და მიახლოებითი ამოხსნა (თემურ ჯანგველაძე).
- გამოსაკვლევი საკითხები ძირითადად წარმოშობილია რეალური პრაქტიკული ამოცანებიდან, თუმცა მათი გარკვეული ნაწილი ბუნებრივი მათემატიკური განზოგადების შედეგიცაა. მათი შესწავლით დაინტერესებულია და კვლევებში უკვე ჩართულია ახალგაზრდებიც საუნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურიდან (ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები) და ახალგაზრდა დოქტორები. კვლევის მეთოდიკა მდგომარეობს ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულებიანი განტოლებების თეორიის, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების, არაწრფივი და რიცხვითი ანალიზის კლასიკური და თანამედროვე მეთოდების შერწყმაში. კვლევების წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უცხოელ კოლეგებთან და ცნობილ სამეცნიერო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობა (პროფ. ბ. ნეტა, პროფ. ტ. კიღურაძე, პროფ. მ. წიკლაური, პროფ. ჯ. დრევნიაკი, აშშ; პროფ. ო. პირონეუ, პროფ. ფ. ჰექტი, საფრანგეთი; პროფ. დ. პელინოვსკი, კანადა; პროფ. რ. ჰაკლი, ჩეხეთი და სხვა).
ინსტიტუტს შეუძლია შემდეგი სერვისების შეთავაზება
- საწარმოების მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამების და მოწყობილობების ფორმალური ვერიფიკაცია, რაც იძლევა ამ პროდუქტების ვარგისიანობის ფორმალური შემოწმების საშუალებას (ბესიკ დუნდუა, მიხეილ რუხაია).
- წვდომის კონტროლი არის უსაფრთხოების მეთოდი, რომელიც ადგენს კომპიუტერულ გარემოში მომხმარებლებისათვის კონკრეტული რესურსების გამოყენების უფლებას. ჩვენ საწარმოებს შეგვიძლია შევთავაზოთ, მათ ბაზაზე არსებული წვდომის კონტროლის მოდელირება (ბესიკ დუნდუა, მიხეილ რუხაია).
- ქართული საუბრის კომპიუტერული ამომცნობი სისტემა (ჯემალ ანთიძე). იგულისხმება, შეიქმნას კომპიუტერისათვის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ადამიანის საუბარს ქართულ ენაზე გადააქცევს ქართულ ტექსტად და შეინახავს კომპიუტერის მეხსიერებაში. ამჟამად, ჩვენს მიერ შექმნილია სისტემა, რომელსაც სისტემის ავტორის საუბარი გადაჰყავს ტექსტად. იმისათვის, რომ სისტემა იყოს სრულყოფილი, სისტემამ უნდა ამოიცნოს სხვადასხვა ადამიანების საუბარიც. ასეთი სისტემის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციებში მათი კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად, რაშიც ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ.
- გთავაზობთ შემდეგ ორიგინალურ პაკეტებს (ქ. ყაჭიაშვილი):
- ექსპერიმენტალური მონაცემების სტატისტიკური დამუშავების გამოყენებითი პროგრამული პაკეტი (SDpro) (Version 3.1);
- მდინარეების ავარიული დამჭუჭყიანებლების ავტომატური აღმოჩენის პაკეტი (Version 2.0);
- მდინარეებში გამჭუჭყიანებლების გავრცელების მათემატიკური მოდელების გამოყენებითი პროგრამული პაკეტი (Version 2.0);
- სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმების გამოყენებითი პროგრამული პაკეტი (Version 3.0);
- ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრის პროგრამული პაკეტი (Version 1.0)
- წყლის გარემოს გაჭუჭყიანების დონის კონტროლის ავტომატიზირებული სისტემა (Version 2.1);
- ელექტრონული ლექსიკონები.
წინადადებები წარმოებისათვის:
- გარემოს დაბინძურების, სოფლის მეურნეობის, მედიცინის, ეკონომიკის და ა.შ. დამახასიათებელი რიცხვითი მონაცემების ანალიზი მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების და შესაბამისი თანამედროვე კომპიუტერული პაკეტების გამოყენებით არსებული მდგომარეობის ობიექტური შეფასებისათვის, მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირების დადგენისათვის, პროცესის განვითარების პროგნოზირებისათვის, რეკომენდაციების შემუშავებისათვის და ა.შ.;
- მდინარეების დაბინძურების დონის შეფასება მოდელირებით ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის, ბიოლოგიური, საამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და ა.შ. პრობლემების გადაწყვეტისათვის;
- მონაცემთა მოხერხებული ფორმით კომპაქტურად შენახვის, ოპერტიული მოძებნის, არასანქცირებული ხელყოფისაგან დაცვის, სხვადასხვა მახასიათებლების დადგენისათვის დამუშავების და მიღებული შედეგების ადვილად აღსაქმელი ფორმით წარმოდგენის მიზნით მონაცემთა კომპიუტერული ბაზების შექმნა;
- პიროვნების ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრა შესაბამისი მედიკო-ბიოლოგიური პარამეტრების საუძველზე ჯანმრთელობის დაცვის (მაგალითად, გერონტოლოგიის), მოსახლეობის დაზღვევის, გამაჯანსაღებელი დაწესებულებების (მაგალითად, სპეციალიზირებული სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების, ფიტნეს ცენტრების და ა.შ.) და სხვა პრობლემების გადასაწყვეტად;
- არსებული აპარატურული საშუალებებით პიროვნების სასურველი საიმედობით გარანტირებულად ბიო-იდენტიფიცირებისათვის გადაწყვეტილების მიღების ალგორითმების შემუშავება და მომხმარებლისათვის გადაცემა;
- სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
|