ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები |
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
|
მისამართი |
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის |
ფაქსი: |
+995 (32) 2186645; +995 (32) 2186645 |
ტელეფონი: |
+995 (32) 2303040; +995 (32) 2303040 |
1968 წლის 29 ოქტომბრს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის კოლეგიის გადაწყვეტილებით შეიქმნა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებელ ბალანსზე მყოფი გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც დაუმტკიცდა შემდეგი ძირითადი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები:
მრავალგანზომილებიანი დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების გამოკვლევა და მათი ამოხსნის მეთოდების შემუშავება გარსთა თეორიის, დრეკადობის თეორიის, მეტეოროლოგიისა და გამოსხივებათა გადატანის გამოყენებითი ამოცანებისათვის, ელექტრონული გამომთვლელი მანქანების (ეგმ) გამოყენებით;
გამოკვლევები ალბათობის თეორიაში და მათემატიკურ სტატისტიკაში და მათი გამოყენებები დინამიური პროგრამირების, მასობრივი მომსახურების და ექსპერიმენტული მონაცემების დამუშავების ამოცანებისათვის, ეგმ-ების გამოყენებით;
მათემატიკური ეკონომიკის პრობლემების დამუშავება და მათი გამოყენება სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგებში დაგეგმვისა და მართვის ამოცანების ამოხსნისათვის, ეგმ-ების გამოყენებით;
თეორიული გამოკვლევა და რიცხვითი მეთოდების დამუშავება ოპტიმალური მართვის ზოგიერთი ამოცანისათვის, ეგმ-ების გამოყენებით;
პროგრამირების თეორიული და გამოყენებითი საკითხების დამუშავება, მათ შორის ალგორითმების და პროგრამების სისტემების შექმნა ეგმ-ებზე ტიპიური ამოცანების ამოსახსნელად;
გამოყენებითი მათემატიკისა და ეგმ-ების მეთოდების დამუშავება და გამოყენება უმაღლეს სკოლაში სასწავლო პროცესის მართვისა და ორგანიზების სფეროებში.
ინსტიტუტის უმთავრეს ამოცანად განისაზღვრა გამოყენებითი მათემატიკის აქტუალური პრობლემების კვლევა, სასწავლო პროცესისა და კვლევითი მუშაობის ინტეგრაციის მიზნით კვლევით სამუშაოებში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების ჩართვა, მათემატიკური მეთოდებისა და გამოთვლითი ტექნიკის დანერგვა უნივერსიტეტის არამათემატიკურ სამეცნიერო დარგებშიც.
1978 წელს ინსტიტუტს მიენიჭა მისი დამაარსებლის ილია ვეკუას სახელი.
1968-77 წლებში ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერ ხელმძღვანელი იყო ილია ვეკუა, 1979-83 წლებში - ანდრია ბიწაძე, 1986-2006 წლებში - დავით გორდეზიანი, ხოლო 2006 წლის ბოლოდან ინსტიტუტის დირექტორია გიორგი ჯაიანი.
ინსტიტუტის დაფუძნება დაემთხვა პერიოდს, როდესაც იწყებოდა კომპიუტერული ტექნიკის და, შესაბამისად, კვლევის ახალი ტენდენციების ინტენსიური განვითარება. ი. ვეკუას ჩანაფიქრი - საქართველოში შექმნილიყო ახალი ტიპის სამეცნიერო ცენტრი - ეყრდნობოდა საქართველოში ამისათვის არსებულ ნიადაგს ქართველ მათემატიკოსთა და მექანიკოსთა მსოფლიოში აღიარებული წარმატებებისა და ამ დარგებში მომუშავე ახალგაზრდა მკვლევართა სახით.
ინსტიტუტი აღჭურვილი იყო ეგმ-ების იმ დროისათვის უმძლავრესი პარკით საბჭოთა კავშირის სამხრეთ ნაწილში.
ინსტიტუტის შექმნაში თავიდანვე ჩაიდო უმნიშვნელოვანესი დედააზრი: ფუნდამენტური კვლევა წარმართულიყო მათემატიკის თანამედროვე მიღწევებისა და კომპიუტერული ტექნიკის ფართო გამოყენების საფუძველზე, ხოლო მის განხორციელებაში ძირითად შტატში მომუშავე მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ არა მარტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტებს, დოქტორანტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, არამედ სტუდენტებსაც პირველივე კურსიდან.
ი. ვეკუას სამეცნიერო ავტორიტეტისა და მის გარშემო შემოკრებილ ახალგაზრდა მკვლევართა შრომის შედეგად ახლად შექმნილმა ინსტიტუტმა სწრაფად მოიხვეჭა სახელი, როგორც ერთ-ერთმა მოწინავე კერამ გამოყენებით მათემატიკაში. განსაკუთრებით წარმატებული იყო პერიოდი დაარსებიდან გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებამდე. აღნიშნულ პერიოდში ინსტიტუტის განყოფილებებში მოქმედებდა 30-მდე სამეცნიერო და სამეცნიერო-სასწავლო სემინარი. საინსტიტუტო სემინარი, რომელიც ილია ვეკუამ დაარსა და რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე, დიდი სამეცნიერო ავტორიტეტით სარგებლობდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით. 1985 წლიდან დაწყებული ტრადიციად იქცა ამ სემინარის გაფართოებული სხდომების ჩატარება ყოველი წლის აპრილის თვეში. ეს ტრადიცია დღემდე მხოლოდ ერთხელ, 1989 წელს დაირღვა, თბილისში 9 აპრილს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო. ამ სხდომების მუშაობაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებისა და უცხოეთის წამყვანი სამეცნიერო ცენტრების თანამშრომლები. ამავე პერიოდში ინსტიტუტი იყო მრავალი სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორი თუ თანაორგანიზატორი, მათ შორის 1978 წელს თბილისში ჩატარებული თეორიული და გამოყენებითი მექანიკის საერთაშორისო კავშირის მესამე სიმპოზიუმის გარსთა თეორიაში, 1982 წელს ჩატარებული საკავშირო სიმპოზიუმის (უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით) "კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები და მათი გამოყენებები", 1987 წელს (აგრეთვე უცხოელი მეცნირების მონაწილეობით) ჩატარებული საკავშირო სიმპოზიუმის "მათემატიკური ფიზიკის თანამედროვე პრობლემები".
ინსტიტუტის თანამშრომელთა მეცნიერული მიღწევები აღინიშნა: 1984 წლის საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიით (ი. ვეკუა, გარდაცვალების შემდეგ); 1971 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიით (თ. გეგელია, მ. ბაშელეიშვილი); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის 1980 წლის პრემიით (ა. ბიწაძე), ა. რაზმაძის 1976 წლის (ი. იღურაძე) და 1981 წლის (ზ. ჭანტურია) პრემიებით, ი. ვეკუას 1984 წლის პრემიით (ი. თავხელიძე).
ინსტიტუტს დაარსებიდანვე ჰქონდა დამყარებული მჭირდო სამეცნიერო კავშირი (ორმხრივი თუ მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე) წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან, სახელდობრ, მოსკოვის ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტთან, მ. კელდიშის სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტთან, ი. კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტთან, მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ნოვოსიბირსკის სამეცნიერო დაწესებულებებთან, იენის ფ. შილერის სახელობის, ბრატისლავას ა. კომენსკის სახელობის, ლოძის უნივერსიტეტებთან. ინსტიტუტში ლექცია-სემინარები აქვთ ჩატარებული მრავალ სახელმოხვეჭილ მეცნიერებს, მათ შორის ჟ.ლ. ლიონსს, გ. ფიკერას, ა. ტიხონოვს, ა. სამარსკის, გ. მარჩუკს, ა. ვეილს, რ. გლოვინსკის. ინსტიტუტის თანამშრომლები სტაჟირებას გადიოდნენ საზღვარგარეთ, მსოფლიო მნიშვნელობის ისეთ ცენტრებში, როგორიც არის პარიზის უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და ავტომატიკის საფრანგეთის ნაციონალური ინსტიტუტი, რომის უნივერსიტეტი "ლა საპიენცა" და სხვა. თავის მხრივ ინსტიტუტში სხვადასხვა დროს სტაჟირება გაიარეს ან სამეცნიერო მუშაობისათვის იმყოფებოდნენ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, აღმოსავლეთ გერმანიის, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის, ბულგარეთის, ჩრდილოეთ ვიეტნამის მეცნიერები.
ინსტიტუტი ასრულებდა საკავშირო მნიშვნელობისა და დაფინანსების სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკურ დაკვეთებს და სამეურნეო-სახელშეკრულებო სამუშაოებს (თემებს). წლების მანძილზე ინსტიტუტში შეისწავლებოდა ქვეყნის მეურნეობაში წამოჭრილი კონკრეტული ხასიათის ამოცანები. ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგები უშუალოდ ინერგებოდა წარმოებაში, რისი პირობითი ეკონომიური ეფექტი შეადგენდა საშუალოდ მილიონ მანეთს წლიურად, რაშიც ინსტიტუტის თანამშრომლების ღვაწლი აღინიშნა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1983 წლის პრემიით სახალხო მეურნეობის ინტერესებისათვის უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური და საძიებო სამუშაოების მაღალ დონეზე და დროული შესრულებისათვის ტექნიკური კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის დარგში (გ. შარაშიძე) და საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1986 წლის პრემიით ფუნდამენტური კვლევის შედეგების სახალხო მეურნეობაში დანერგვისათვის (დ. გორდეზიანი, რ. დევდარიანი).
ფართოვდებოდა და ღრმავდებოდა ინსტიტუტის კავშირი თსუ-ში და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე სასწავლო პროცესთან. ყოველწლიურად საწარმოო და წინასადიპლომო პრაქტიკას ინსტიტუტში გადიოდა დაახლოებით 1500 სტუდენტი. 200-მდე სტუდენტი დაკავშირებული იყო ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით თემატიკასთან, ამზადებდა რა საკურსო და სადიპლომო ნაშრომებს ინსტიტუტის თანამშრომლების ხელმძღვანელობით; სტუდენტების ნაწილი უშუალოდ იყო ჩართული ინსტიტუტის თემატური გეგმის შემსრულებელთა სიაში.
პროფესიული ორიენტაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ინსტიტუტში ნორჩ მათემატიკოსთა და პროგრამისტთა სკოლის ფუნქციონირება.
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში განვითარებული ყველასათვის ცნობილი მოვლენებით განპირობებული უმძიმესი ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად სამეცნიერო კვლევა ინსტიტუტში უაღრესად გართულდა, დაიწყო კადრების დენადობა, კერძოდ, უცხოეთში. მიუხედავად ამისა, თანამშრომელთა პირადი ენთუზიაზმით მოხერხდა სამეცნიერო პოტენციალის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენარჩუნება, შეძლებისდაგვარად განახლდა კომპიუტერული პარკი.
აღნიშნულ პერიოდში ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ "Pitman Advanced Publishing Program"-ის, "North-Holand Publisher"-ის, "Wydawnictwo Universitet Lodzkiego"-ს, "Наукова думка"-ს, "Наука"-ს და საქართველოს გამომცემლობების საშუალებით გამოქვეყნებულ იქნა 14 მონოგრაფია და 339 სამეცნიერო ნაშრომი (საქართველოს და საზღვარგარეთის სამეცნიერო პერიოდიკაში); დაცულ იქნა 11 სადოქტორო და 11 საკანდიდატო დისერტაცია; პრეზიდენტის სტიპენდია დანიშნული ჰქონდა 4 თანამშრომელს, 10 თანამშრომელს - სოროსის სტიპენდია; პრეზიდენტის ჯილდოები მიღებული ჰქონდათ ინსტიტუტზე მეცნიერული თემატიკით მიმაგრებულ თსუ-ს 2 სტუდენტს, სოროსის კონფერენციებზე გაიმარჯვა ინსტიტუტზე მეცნიერული თემატიკით მიმაგრებულმა 6 სტუდენტმა.
ინსტიტუტის თანამშრომელთა მოღვაწეობა აღინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელობითი პრემიებით: ა. რაზმაძის პრემია მიენიჭათ გ. მანჯავიძეს (1991 წელს), თ.თადუმაძეს (2001 წელს), ნ. მუსხელიშვილის პრემია - ს. ხარიბეგაშვილს (1997 წელს), მ. ბაშელეიშვილს (2000 წელს), ი. ვეკუას პრემია თ. ვაშაყმაძეს (1993 წელს), რ. კოპლატაძეს (1996 წელს), თ. კალაძეს (2002 წელს).
ამავე პერიოდში ინსტიტუტში შეიქმნა:
საქართველოს რესპუბლიკის ყველა დონის საარჩევნო პროგრამათა პაკეტი (საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად), რომელმაც მოიპოვა SofTEC-99-ის I ხარისხის დიპლომი;
გარემოს კომპონენტების (წყალი, ჰაერი) გაჭუჭყიანების გაზომვის ავტომატიზირებული სისტემა (გარემოს მონიტორინგის ეროვნულ ცენტრთან ერთად), რომელიც აღინიშნა SofTEC-99-ის მთავარი პრიზით;
თსუ-ს კომპიუტერული ქსელის ერთიანი ნაწილი, რომელიც ჩართული იყო ინტერნეტის ქსელში და აღინიშნა SofTEC-99-ის II ხარისხის დიპლომით;
მიქციის კომპიუტერული მოდელი და სპეციალიზირებული თამაში (ბავშვთა უროლოგიურ სნეულებათა სპეციალისტებთან ერთად), რომელმაც მოიპოვა SofTEC-99-ის II ხარისხის დიპლომი;
თსუ გ. ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის გიმნაზიასთან ერთად - კომპიუტერული ქსელი, რომელმაც მოიპოვა SofTEC-99-ის II ხარისხის დიპლომი.
ინსტიტუტის ბაზაზე მოქმედებდა:
მათემატიკისა და ინფორმატიკის თბილისის საერთაშორისო ცენტრი - TICMI (ევროპის მათემატიკური საზოგადოების მხარდაჭერით), რომელიც ამჟამადაც ფუნქციონირებს;
სოციოლოგიური ინფორმაციისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი (თსუ გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტთან ერთად), რომელიც თანამშრომლობდა აშშ-ს საინფორმაციო სააგენტოსთან USIA, გაეროსა და ევროკავშირის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან;
საქართველოს განათლების სამინისტროს კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი;
საქართველოს სოცუზრუნველყოფის სამინისტროსთან არსებული უმუშევართა გადამზადების კომპიუტერული ცენტრი;
საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების მომზადების ცენტრი (საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მხარდაჭერით), რომელმის აღზრდილებმაც საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადებზე მოიპოვეს 1 ოქროს, 4 ვერცხლის, 14 ბრინჯაოს მედალი და მრავალი საპატიო სიგელი.
2005-2008 წლებში უნივერსიტეტში კვლევითი ინსტიტუტების რეფორმირებამ განსაკუთრებით მძაფრი სახე მიიღო, როგორც თავისი დადებითი, ისე მტკივნეული მხარეებით: ინსტიტუტის 14 თანამშრომელი უნივერსიტეტში არჩეულ იქნა აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით; 2008 წელს ინსტიტუტის თანამშრომლები არ იღებდნენ ხელფასს ინსტიტუტში მოღვაწეობისათვის, თუმცა კვლავ ჰქონდათ ხელფასი საერთაშორისო და ეროვნული პროექტებიდან და გრანტებიდან. მაგრამ უკვე 2009 წელს 39 მეცნიერთან დაიდო ერთწლიანი ხელშეკრულებები, ხოლო 2010 წლიდან შეიქმნა ცალკე სახელფასო ფონდი მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. ამჟამად ინსტიტუტში მუშაობს 45 თანამშრომელი, მათ შორის 4 დოქტორანტი და 5 მაგისტრანტი. თანამშრომლების ხელფასი მერყეობს 120-დან 600 ლარამდე. ინსტიტუტი კვლავაც წარმატებით აგრძელებს მუშაობას ილია ვეკუას მიერ თავიდანვე დანერგილ სტილში. 2007-2011 წლებში თანამშრომლებმა საერთო ჯამში გამოაქვეყნეს 330 ნაშრომი, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ინსტიტუტის ბაზაზე და საქართველოში გამომავალ სხვა ჟურნალებში, მათ შორის 135 - იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალებში. ამავე პერიოდში ინსტიტუტის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს 5 მონოგრაფია, მათ შორის შპრინგერის, კლუვერის და თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობების გრიფით, აგრეთვე სახელმძღვანელოები და სალექციო კურსები, გამოცემული 3 სტამბურად და 10 ელექტრონულად. ინსტიტუტის თანამშრომლები 234 მოხსენებით წარდგნენ ინსტიტუტის ბაზაზე ჩატარებულ 19 და საზღვარგარეთის 108 კონფერენციაზე.
2007-2011 წლებში ინსტიტუტში სრულდებოდა 14 პროექტი ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, 3 - INTAS-ის, 3 - CRDF/GRDF-ის, 1 - FP7-ის (Marie-Curie International Research Staff Exchange Scheme (IRSES), Call: FP7-PEOPLE-2010-IRSES), 2 - STCU-ის (უკრაინის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრი), 1 - ECONET-ის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ 2005 წლამდე ინსტიტუტს ჰქონდა საკუთარი სტამბა და თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობის სახელით ყოველწლიურად აქვეყნებდა ინსტიტუტის თანამშრომელთა 15-მდე სამეცნიერო ბროშურასა და 10-მდე წიგნს, მათ შორის მონოგრაფიული ხასიათისას. გამონაკლისის სახით გამოიცა ისეთი აღიარებული მეცნიერების მონოგრაფიები, როგორიც იყო ს. მიხლინი და არის ვ. მაზია.
ამჟამად ინსტიტუტის ბაზაზე, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობის სახელით, გამოიცემა 6 დასახელების რეფერირებადი და რეცენზირებადი ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი (საერთაშორისო სარედაქციო კოლეგიებით), მათგან 2 დაკავშირებულია ინსტიტუტის ბაზაზე მოქმედ თბილისის საერთაშორისო ცენტრთან მათემატიკასა და ინფორმატიკაში.
ინსტიტუტი, ტრადიციისამებრ, გაცვლის წესით აგზავნის თავის სამეცნიერო პროდუქციას (ჟურნალებს) მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრში და ყოველწლიურად იღებს ორმოცდაათზე მეტი დასახელების სამეცნიერო, უმეტესად იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალს მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკის, მექანიკისა და ინფორმატიკის დარგებში და აქვს ელექტრონული ხელმოწერა რეფერატულ ჟურნალზე "Mathematical Reviews", რითაც სარგებლობა შეიძლება მაღლივ და მიმდებარე კორპუსებში, ცენტრალური ბიბლიოთეკის ჩათვლით.
ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი იმთავითვე იყო ჩართული სხვადასხვა ფორმით (შეთავსება, საათობრივი ანაზღაურება, სტუდენტთა სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელობა) თსუ-ს სასწავლო პროცესში. ინსტიტუტს ტრადიციული მჭიდრო კავშირი აქვს ზუსტ და საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან. ინსტიტუტში აღზრდილ 15 მეცნიერს კონკურსის წესით უკავია აკადემიური თანამდებობა თსუ-ში, ამასთან ერთად ისინი ინსტიტუტში სხვადასხვა ფორმით აგრძელებენ მეცნიერულ მოღვაწეობას. 3 სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია დაკომპლექტებულია ინსტიტუტის სამეცნიერო კადრებით, რომელთა ხელმძღვანელობით მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის და საინჟინრო მიმართულებების სტუდენტები ინსტიტუტში ლაბორატორიულ სამუშაოებს ატარებენ კომპიუტერების გამოყენებით.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2011 წელს გამოცხადებულ კონკურსზე ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ წარდგენილი პროექტებიდან გაიმარჯვა სამმა: პროექტმა გამოყენებითი კვლევებისათვის (ხელმძღვანელი ნ. ხომასურიძე), ერთობლივმა პროექტმა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით (თანახელმძღვანელი საქართველოდან თ. ჯანგველაძე) და პროექტმა იტალია-საქართველოს ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში (ხელმძღვანელი საქართველოდან გ. ჯაიანი).
2007-2011 წლების მანძილზე ინსტიტუტის საქმიანობის ამსახველი ეს სტატისტიკური მონაცემები ამოკრეფილია ინსტიტუტის წლიური ანგარიშებიდან, რომლებიც განთავსებულია ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.
როგორც ამ მოკლე ინფორმაციიდან ჩანს, ინსტიტუტს არ დაუკარგავს თავისი პოტენციალი და საერთაშორისო ავტორიტეტი, რაზეც ასევე მეტყველებს ინსტიტუტის დიდი ტრადიცია საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების (მათ შორის საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების ეგიდით) ჩატარების კუთხით. ამის დასტურად საკმარისია IUTAM-ის ეგიდით და მისი ნაწილობრივი დაფინანსებით გარსთა თეორიაში ჩატარებული 2 სიმპოზიუმის (1978 და 2007 წლებში) და ISAAC-ის კონფერენციის (2007) დასახელება. გარდა ამისა ინსტიტუტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია "გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები" (2008) და საქართველოს მექანიკოსთა კავშირის კონფერენციები უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით (2010 და 2011 წლებში). აღსანიშნავია, რომ არსებობის მანძილზე ინსტიტუტის თანამშრომლებმა დაიცვეს 40-ზე მეტი სადოქტორო და 100-ზე მეტი საკანდიდატო დისერტაცია. ბევრი მათგანი წარმატებით აგრძელებს სამეცნიერო მოღვაწეობას, როგორც საზღვარგარეთ - აშშ-ში, ისრაელში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ასევე საქართველოში, კერძოდ, ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტში, ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ და სხვა უნივერსიტეტებში და, ამასთან ერთად, სხვადასხვა ფორმით ინარჩუნებს კავშირს მშობლიურ ინსტიტუტთან.
გარსთა თეორიის (გამგე ვ. ჟღენტი, შემდეგ თ. მეუნარგია)
მათემატიკური ფიზიკის (გამგე ლ. მაღნარაძე, შემდეგ ი. თავხელიძე)
უწყვეტ ტანთა მექანიკის პრობლემების (გამგე თ. გეგელია)
დიფერენციალური განტოლებების და მართვის თეორიის (გამგე გ. ხარატიშვილი, შემდეგ თ. თადუმაძე)
მათემატიკური ლოგიკის და ალგორითმების თეორიის (გამგე შ. ფხაკაძე, შემდეგ ხ. რუხაია)
ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის (გამგე ე. ნადარაია)
საინჟინრო-ფიზიკური ამოცანების (გამგე ა. ხვოლესი)
ეკონომიკის მათემატიკურ-კიბერნეტიკული პრობლემების (გამგე ა. ტორონჯაძე, შემდეგ რ. ჩიტაშვილი)
რიცხვითი მეთოდების და პროგრამირების (გემგე შ. ნიკოლაიშვილი)
ეგმ-ების (გამგე ნ. სვანიძე)
მათემატიკური ფიზიკის დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების (გამგე ლ. მაღნარაძე)
რიცხვითი მეთოდების (გამგე დ. გორდეზიანი, შემდეგ რ. ბოჭორიშვილი)
ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებების (ი. კიღურაძე)
პროექციული მეთოდების (გამგე თ. ვაშაყმაძე)
დრეკადობის თეორიის (გამგე მ. ბაშელეიშვილი)
კომპლექსური ანალიზის და გამოყენებების (გამგე გ. მანჯავიძე, შემდეგ ნ. ავაზაშვილი)
გამოყენებითი მექანიკის (გამგე რ. საჯაია)
გადატანის თეორიის (გამგე შ. ნიკოლაიშვილი)
გამოყენებითი სამუშაოების (გამგე გ. შარაშიძე)
კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების (გამგე ა. ბიწაძე)
ჰიდროგაზოდინამიკის ამოცანების (გამგე რ. დევდარიანი, შემდეგ გ. დევდარიანი)
მათემატიკური მოდელირების და მართვის სისტემების (გამგე კ. ცისკარიძე)
ფუნქციონალური ანალიზის და მისი გამოყენებების (გამგე ზ. ჭანტურია)
დისკრეტული მათემატიკის (გამგე ა. ხარაზიშვილი)
სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის (გამგე კ. ჟვანია)
სისტემური პროგრამირების (გამგე ჯ. ანთიძე)
ოპერაციული სისტემების (გამგე მ. ჯიბუტი)
ეგმ პროგრამული უზრუნველყოფის (გამგე ა. კვიტაშვილი)
ელექტრონული მოდელირების (გამგე გ. ვარაზი)
ეგმ-ების მოდერნიზაციის (გამგე რ. ბერულავა)
ეგმ-ების გარე მოწყობილობების ტექნიკური უზრუნველყოფის (გამგე ს. ყიფშიძე)
ეგმ ბესმ-4-ის ტექნიკური ექსპლუატაციის და უზრუნველყოფის (გამგე ნ. სვანიძე, შემდეგ ზ. დიდიშვილი)
ეგმ მ-220-ის ტექნიკური ექსპლუატაციის და უზრუნველყოფის (გამგე ო. ჩხაიძე, შემდეგ კ. სამსონია)
ეგმ ბესმ-6-ის ტექნიკური ექსპლუატაციის და უზრუნველყოფის (გამგე ნ. სვანიძე, შემდეგ ო. ჩიღვინიძე)
ეგმ ეს-1020-ის ტექნიკური ექსპლუატაციის და უზრუნველყოფის (გამგე ო. ჩხაიძე, შემდეგ ა. ქათამაძე)
ეგმ ბესმ-6/7-ის ტექნიკური ექსპლუატაციის და უზრუნველყოფის (გამგე ო. ჩხაიძე, შემდეგ ჯ. უკლება)
ეგმ ეს-1061-ის ტექნიკური ექსპლუატაციის და უზრუნველყოფის (გამგე კ. სამსონია, შემდეგ ა. ქათამაძე, ჯ. გაბრაშვილი)
ეგმ ეს-1061-ის ტექნიკური ექსპლუატაციის და უზრუნველყოფის (გამგე ჯ. ქელბაქიანი)
ეკონომიკური ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავების (გამგე მ. ჯიბუტი)
ეგმ პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის (გამგე ა. ცისკარიძე)
ლაბორატორიები:
არაორდინარულ მოვლენათა კვლევის (გამგე გ. აბურჯანია)
პლაზმაში მაგნიტო-ჰიდროდინამიკური პროცესების კვლევის (გამგე თ. კალაძე)
ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირების (გამგე თ. დავითაშვილი)
მყარ და თხევად გარემოთა ურთიერთქმედების ამოცანების (გამგე ნ. ხომასურიძე)
კომპიუტერების ტექნიკური უზრუნველყოფის და დიზაინის (გამგე ა. გამყრელიძე)
ინტერნეტის მომსახურების (გამგე ი. ხოხიაშვილი)
გარდა ამისა საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების ახალგაზრდული ცენტრი-ლაბორატორია (ხელმძღვანელი გ. ავალიშვილი)
დღეისთვის ინსტიტუტი, რომელმაც თავისი ტრადიციებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ დასაქმების სხვადასხვა ფორმების გამოსახვით და თსუ-ს ხელმძღვანელობის ხელშეწყობით შეინარჩუნა თავისი ძირითადი სამეცნიერო კონტიგენტი და ამჟამადაც ავსებს მას ახალგაზრდა კადრებით, თავის მისიად თვლის:
ახორციელებდეს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს გამოყენებით მათემატიკაში, მათემატიკურ და ტექნიკურ მექანიკაში, ინდუსტრიულ მათემატიკასა და ინფორმატიკაში, გარდა ამისა, ეწეოდეს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას სახელმწიფო ან კერძო სექტორის დაკვეთით;
წარმოადგენდეს საუნივერსიტეტო ბაზას (მძლავრი კომპიუტერული უზრუნველყოფით) არა მარტო ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, არამედ ჰუმანიტარულ, საზოგადოებრივ, სოციალურ, ეკონომიკურ, იურიდიულ, სამედიცინო მეცნიერებათა ფაკულტეტებისათვისაც, უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ კვლევის საწარმოებლად მათემატიკური მეთოდებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით;
ინსტიტუტის პროფილის ფარგლებში ხელი შეუწყოს სტუდენტთა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომების მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებას, მათ ჩართვას სამეცნიერო გრანტებში და მონაწილეობას როგორც სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელთა, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში;
საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტის ფარგლებში, ინსტიტუტისთვის არაპროფილური მიმართულებებით ხელი შეუწყოს სტუდენტთა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომების მომზადებისას მათემატიკური მეთოდებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას;
ინსტიტუტში მისი ძირითადი სამეცნიერო მიმართულებების შესაბამისად დოქტორანტებისა და მაგისტრანტების მომზადების და შემდგომში ინსტიტუტში მათი დასაქმების უზრუნველყოფას;
სტუდენტთა ლაბორატორიული სამუშაოების და, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის პრაქტიკის (საწარმოო და სხვ.) ინსტიტუტის ბაზაზე ჩატარების უზრუნველყოფას.