დაწყების თარიღი: 2017-12-19 დასრულების თარიღი: 2022-05-30
შემოთავაზებული პროექტი ეძღვნება არაწრფივი ურთიერთქმედების შედეგად წარმოშობილი ძლიერი გრიგალური ტურბულენტობის თავისებურებების შესწავლას დედამიწის ატმოსფეროში და იონოსფეროში თეორიულ-ანალიზური, რიცხვითი მეთოდების და ექსპერიმენტულ-დაკვირვებითი მონაცემების გამოყენებით. გეოკოსმოსური გარემოს კოსმოსური ხომალდებითა და მიწისზედა დაკვირვებებით ბოლო წლების კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ ჰიდრო დინამიკური, ელექტრომაგნიტური პლაზმური ტურბულენტობა და ტალღა ნაწილაკების ურთიერთქმედება აღნიშნულ სივრცეში ავლენს მრავალ, ჯერ–ჯერობით ბოლომდე აუხსნელ თავისებურებებს, როგორიცაა: არაწრფივი კოჰერენტული გრიგალური სტრუქტურების გენერაცია, ტურბულენტობის ანიზოპტროპიულობა, შენაცვლებითობა (intermittency), ანომალური არაგაუსისებური გადატანის პროცესები და სხვა, რომლებიც განპირობებული არიან დაბალსიხშირული (დს) ტალღური სტრუქტურებისა და გეოკოსმოსური გარემოს არაწრფივი ურთიერთქმედებით. ამ პრობლემების თავისებურებებში გარკვევას ეძღვნება მოცემული პროექტი. ჩატარდება პროექტის ფარგლებში თეორიულად შესწავლილი შგ ტალღების ტურბულენტური დინამიკის შედარება როგორც თანამგზავრულ და მიწისპირა გეომაგნიტური აქტიურობების დაკვირვებების მონაცემებთან, ასევე რამდენიმე პუნქტში დამზერილი მიწისზედა დონის ატმოსფერული ელექტრული და მაგნიტური ველების ცვლილებებთან. მიღებული შედეგების საფუძველზე გამოვლენილი და დაფუძნებული იქნება გამოკვლეულ მოვლენებსა და პროცესებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები; შემუშავდება გარკვეული რეკომენდაციები იონოსფერული და მაგნიტოსფერული ექსპერიმენტებისა და დაკვირვებების შედეგების ინტერპრეტაციისა და იდენტიფიკაციის ადექვატურობის გასაუმჯობესებლად. პროექტის შესასრულებლად გამოყენებულ იქნება როგორც პრობლემის კვლევის თანამედროვე თეორიულ-ანალიტიკური მიდგომა, ასევე რიცხვითი მოდელირებისა და კომპიუტერული ექსპერიმენტირების მეთოდი ახლად შემუშავებული მათემატიკური ალგორითმებისა და კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით. არაწრფივი დინამიკური მოდელების რიცხვითი ამონახსნების საპოვნელად გამოყენებულ იქნება როგორც სასრულ-სხვაობიანი (ჩვეულებრივ სივრცეში), ასევე ფსევო-სპექტრული (ტალღური ვექტორებისსივრცეში) მეთოდები.