დაწყების თარიღი: 2022-12-23 დასრულების თარიღი: 2024-12-23
ხელოვნური ინტელექტის განვითარებისათვის ძირითადად გამოიყენება სტატისტიკური და ლოგიკური მეთოდები ან მათი კომბინაცია. ლოგიკური მეთოდები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავტომატური მსჯელობისას, რომლის ერთ-ერთი მთავარი ბირთვია ცოდნის წარმოდგენა მანქანისათვის გასაგებ ენაზე. ცოდნის ფორმალური წარმოდგენის მთავარი იარაღია ონთოლოგიები, რომელიც არის ლოგიკაზე დაფუძნებული ფორმალური ენის წინადადებათა ერთობლიობა. ასეთ ფორმალურ წინადადებათა ერთობლიობას იყენებენ ავტომატიზირებული მსჯელობის მოდულები, რომ მოცემული ინფორმაციიდან გააკეთონ დასკვნები და პასუხები გასცენ დასმულ შეკითხვებს.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ალბათური ონთოლოგიების ინჟინერიისთვის უნიფიკაციისა და შეთანადების ამოცანების დასმა და მათი გადაჭრის ალგორითმების მოძიება და შედარება. ამასთან ერთად, იმ ამოცანებისთვის, რომელთა გადაჭრის ალგორითმი არ არსებობს, ტიურინგისა და სხვა ალგორითმული დაყვანადობებით ინდუცირებული ხარისხების ალგებრული სტრუქტურების კვლევა.
პროექტის შედეგები შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ტექნიკური პროგრესის თვალსაზრისით. მიღებული შედეგების პოტენციურ გამოყენებებს შორის გვსურს ვახსენოთ სემანტიკურ ქსელში კონტრიბუციები, რომელიც უფრო გააადვილებს მონაცემების დამუშავებას „მოულოდნელი“ და „ხმაურიანი“ ინფორმაციის პირობებში. ჩვენ აგრეთვე ვფიქრობთ, რომ მიღებული შედეგების უშუალო გამოყენება შეიძლება ისეთ დარგებში ცოდნის მოდელირებისათვის, როგორიცაა მაგალითად მედიცინა, ბიოლოგია და ა.შ.
პროექტიდან მიღებული შედეგები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მათემატიკური ლოგიკის, თეორიული კომპიუტერული მეცნიერების და ალგებრის სამაგისტრო/სადოქტორო კურსებში, რაც ხელს შეუწყობს ქართული სამეცნიერო საზოგადოების საერთაშორისო ხილვადობასა და პრესტიჟს. აღნიშნული ზრდის საერთაშორისო აუდიტორიის ინტერესს და ქმნის მომავალი თანამშრომლობის საფუძველს, როგორც სამეცნიერო პროექტების, ისე დოქტორანტებისა და მკვლევარების გაცვლითი პროგრამების ფარგლებში