განათლება:
1961 -1966 წლებში ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე, გავიარე სრული კურსი სპეციალობით „ფიზიკა“ ;
1967 -1970 წლებში ვსწავლობდი საქ. მეცნ. აკადემიის ასპირანტურაში.
მეცნიერული მუშაობის გამოცდილება:
1970 საქ. მეც. აკად. კიბერნეტიკის ინსტ. ფიზიკა, უმც. მეც. მუშაკი,
1970 – დღემდე (2024) თსუ გამოყენებითი მათემატიკის ინსტ. უმც. მეც. მუშაკი; მეც. მუშაკი; უფროსი მეც. მუშაკი; წამყვანი მეც. მუშაკი; ლაბორანტი; დღეს ვარ მეცნიერ მუშაკი.
2003 – 2005 ვარ დოცენტი (1/2 შტატი). ვკითხულობ ლექციებს : „მათ. მოდელირება გეოგრაფიაში“, „მათ. მოდელირება გეოლოგიაში“, „მათ. მოდელირება ბიოლოგიაში“, „მათ. მოდელირება მედიცინაში“, „კომპიუტერული ტექნოლოგიები “ გეოგრაფიისა და გეოლოგიის ფაკულტეტებზე.
ჩვენი კვლევის საგანს წარმოადგენს ატმოსფეროს მეზომასშტაბური სასაზღვრო ფენისა (ამსფ) და მასში მიმდინარე მეტეოპროცესების (ღრუბლები, ნისლი, აეროზოლის გავრცელება) რიცხვითი მოდელირება. დაინტერესებული ვართ აგრეთვე ზოგიერთ მეტეოპროცესზე აქტიური (ხელოვნური) ზემოქმედებით.
ამრიგად, დასმული და ამოხსნილი მაქვს რიცხვითი მეთოდების საშუალებით 2–განზომილებიანი (ვერტიკალურ (x - z) სიბრტყეში) ამსფ ამოცანა, რომელიც მოიცავს თავის თავში თერმოაეროდინამიკას, სინოტივე–წყლიანობის გადატანასა და აეროზოლის დიფუზიას სხვადსხვა წყაროებიდან. ამოცანის „გამოსავალზე“ მიიღება სითბური „კუნძულის“ თავზე არსებული ჰაერის სიჩქარის მდგენელები, ტემპერატურა, წნევა, სინოტივე, წყლიანობა, აეროზოლის კონცენტრაცია. გადალახულ იქნა რიგი სიძნელეებისა, რომელნიც დაკავშირებული იყო წყლიანობის ველების გათვალისწინებისას.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ ამოცანას გარდა ფიზიკური სირთულეებისა ახლავს რიგი მათემატიკური სიძნელეებისა, რომელიც ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ რიცხვითი მოდელის საწყისი განტოლებები არის არსებითად არაწრფივი; სწორედ ამიტომაა ამ განტოლებათა სისტემის ამოხსნა შესაძლებელი მხოლოდ რიცხვითი მეთოდების საშუალებით.
ჩვენი მოდელის საშუალებით იმიტირებულია რიგი ანომალიური მეტეოპროცესებისა: ღრუბლისა და ნისლის ერთდროული არსებობა; ღრუბლისა და ნისლის გაერთიანებული კომპლექსის იმიტაცია; დღე–ღამურად „უწყვეტი“ ღრუბლიანობის სიმულაცია.
დასმულია და რიცხვითი რეალიზაციის სტადიაზეა მიყვანილი მოდელირებული ფენა ღრუბლის გაჩენის შედეგად მზის რადიაციის ეკრანირების (ქვეფენილზე წარმოშობილი ღრუბლის „ჩრდილის“) გავლენა ამსფ–ის მეტეოროლოგიურ რეჟიმზე. აღსანიშნავია, რომ პროცესს აქვს აშკარად გამოხატული სინერგეტიკული ხასიათი: ადგილი აქვს მეტეოველების ავტოოსცილაციასა და რადიაციისა და ღრუბლის ფორმირების პროცესებს შორის არსებულ პირდაპირ და უკუკავშირს.
განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამსფ–ის მოდელის ფარგლებშიც კი ტურბულენტობის გარკვეულ კრიტიკულ რეჟიმებში შესაძლებელია ტორნადოსა და ტროპიკული ციკლონისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი (მაგ., წყლიანობის ვერტიკალური „ხორთუმი“) შტრიხის დაჭერა.
რიცხვითი ექსპერიმენტის საშუალებით მოდელირებული გვაქვს ნოტიო პროცესების ანსამბლი, კლასტერი: 3 ფენა ღრუბელი და 1 ნისლი; 4 ფენა ღრუბელი.
ჩვენი მოდელის საშუალებით იმიტირებული გვაქვს სმოგი, ფაქტიურად ესაა აეროზოლის ღრუბლისა და ნოტიო პროცესების ზედდება.
მოდელირებული გვაქვს ნისლის გაბნევა სითბური წყაროებისა და დაღმავალი დენების საშუალებით.
მიღებული გვაქვს ფიონების ახალი კლასიფიკაცია: მშრალადიაბატური, ნოტიოადიბატური და ნოტიო– მშრალადიაბატური ფიონები. არსებობს ფიონების რიცხვითი მოდელირების შესაძლებლობა ჩვენი მოდელის საშუალებით.
თემის პრაქტიკულ მნიშვნელობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ჩვენს მიერ დამუშავებული რიცხვითი მოდელის რეზულტატები შეიძლება გამოყენებულ იქნან ამინდის ლოკალური პროგნოზის დარგში. ისინი შეიძლება პარამეტრიზებულ იქნან მსხვილმასშტაბიან და გრძელვადიან პროგნოზის ამოცანებში მათი შემდგომი დაზუსტების მიზნით; შესაძლებელია ზოგიერთი ეკოლოგიური ამოცანის გადაწყვეტა. გარდა ამისა, მოდელის გამოყენება შეიძლება ზოგიერთ მეზოპროცესზე „თეორიული“ ხელოვნური ზემოქმედების დარგში: მეტეოპროცესებზე ზემოქმედება ძალიან დიდ რისკთან, მატერიალურ და შრომით რესურსებთანაა დაკავშირებული. ამიტომ წინასწარი „თეორიული“ ზემოქმედება მეტად აქტუალურია ამ სფეროში.
ბოლო ხანებში დავინტერესდი დრეკადობის თეორიის ამოცანებით. ჩართული ვარ ამ დარგის ერთ–ერთ თემაში, სადაც მევალება მოდელში სიბლანტისა და პლასტიკურობის გათვალისწინება.